domenica 2 dicembre 2007

ახალი ყვავილი

აჰა, ჭეშმარიტება:
მოვევლინე ქვეყნიერებას ახალი ყვავილი
და შევიქმენი უჯრედთაგანი სამყაროს ქსოვილში,
შევუერთდი ამაოების დინებას,
რომელიც ფუჭია.
გარნა, ამის შეცნობას მივყავართ ჭეშმარიტებამდე.
ირგვლივ ეკალია,
წუთისოფელი ბნელი ჯურღმულია, დილეგი, სულის საპყრობილე,
სადაც ჟამიერი ქაოსური წესრიგია მხოლოდ;
და ამ ორომტრიალში საუკეთესო გვერდზე დგომაა,
რათა დაინახო საზარელი მორევი,
რომლის ფსკერზეც ჩანს ჯოჯოხეთი.
ეკალი მრავლდება,
მე კი მზის ტრფიალი მათბობს-
ოქროსფერ ლაჟვარდშია სიცოცხლის აზრი...
ყოველი ახალშობილი იაა,
რომელმაც უნდა განვლოს გზა ვარდობამდე.
აქ მთავრდება ადამიანი.
ირგვლივ ეკალია; სამკალი ბევრია.
... და მაინც, ყველაზე სანუკვარი ეკლის ვარდად ქცევაა...
-სასწაულია საჭირო!

მკათათვის 4, 2001 წელი
თბილისი, გეორგია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

Nessun commento:

web tracker
counter