domenica 2 dicembre 2007

კითხვა რატომ

აჰა, ჭეშმარიტება:
ახალი რა ვთქვა?
ყველაფერი უკვე თქმულია.
და მაინც რჩება ყველაფერი გამოუთქმელი.
დასაბამიდან ასე იყო, ასეც იქნება.
-რატომ?-იკითხავთ,
ვერ გაგცემთ პასუხს.
ეს რომ ვიცოდე, ვიქნები ღმერთი;
ვიქნები იგი, ვინც უნდა ვიყო, მაგრამ არა ვარ,
რადგან უღელი მადგას პირველის.
გამოუთქმელი გამოსათქმელი ჩემზე დიდია, რომც გავხდე ღმერთი.
წყალზე მეტად მისი მწყურია, მაგრამ..

მოვალთ ამ ქვეყნად, რომ ვუპასუხოთ იმ კითხვას, რატომ-ს.
დაკარგული არაფერია.
სიბრძნეა საჭირო იქამდე მისასვლელად.

მარიამობის 5, 2001 წელი
თბილისი, გეორგია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

კითხვა-პასუხი

აჰა, ჭეშმარიტება:
გამოხდა ხანი და უკან გავიხედე-
უკვალო გზაზე მივლია...
შავმა შეჭამა ჩემი სული
და მომშივდ
, უფალო!
მომშივდა, უფალო, შენი ნათელი,
რომელიც წყურვილსაც აქრობს.
გვედრი, მიმიღო ვარდთა წიაღში
და დამაპურო სიბრძნით, მხნეობით, ჭეშმარიტებით,
მრუმით გამაძღარნი მოგმართავთ მოძღვარ ღმერთკაცს
ჩვენ-საბრალო ღმერთკაცნი.
ვისა აქვს უკვდავების გასაღები?
ვინც მომწიფებულია საამისოდ.
აი, კითხვა-აი, პასუხიც.
შემდეგ?...
გოლგოთის დაძლევა,
ზეცის მოღვაწება.
რისთვის?...
რათა კრავთან ქორწილში ვილხენდეთ.

სარწყუნისი 3, 2002 წელი
თბილისი, გეორგია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

ჯამბაზების წარმოდგენა

აჰა, ჭეშმარიტება:
ბევრი რამ შეიცვალა,
თავდაყირა დადგა ყოველი-
დიდი მატიანე უძღვის ამას წინ..
დღეს ჯამბაზი მართავს წარმოდგენას და არა-ბრძენი.
გმირებს მარხავენ:
მოთქმის მაგიერ იცინიან,
გართობას არჩევენ,
ძველ საფლავებს რყვნიან ცნობამიხდილნი,
თან, ზარ-ზეიმით.
ამპარტავანი მხიარულებითაა შემკული ეს დღესასწაული.
ამგვარი ხორხოცი უფრო საშინელია,
უფრო საზარელია, ვიდრე იმ გმირების დატირება იყო მაშინ.
აქამდე მივედით;
ამბოხი მორჩა-უკვე ბრძოლაა..
სად წავიდნენ ბრძენნი?
სად წავიდნენ მოძღვარნი?
სად წავიდნენ ჭეშმარიტების მცოდნენი?..
-წარსულის ეტლში სხედან ბუმბერაზები
და დიდი მერმისის ძახილს ელიან,
იმ დიდი სამრეკლოს ზარის რეკვას,
რომელიც დაიქუხებს საიდუმლო ჟამს...
მაშინ შემიწყალე, უფალო ჩემო.

ვარდობისთვის 7, 2002 წელი
რონდინე, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

იქიდან აქამდე

აჰა, ჭეშმარიტება:
შეხედეთ ამ ხეებს,
რა ახლოს დგანან ისინი ერთმანეთთან,
მაგრამ უდიდესი მანძილია მათ შორის
და ეს ათასწლეულებად იქცა,
დროა, სივრცეა.
ორი ზღვარია-იქიდან აქამდე,
ერთი უშველებელი მატიანეა მათ შორის,
ერთი უშველებელი სიცოცხლეა მათ შორის.
...მხოლოდ ერთმა შეცდომამ ქმნა ეს ყოველივე,
რომელიც სხვების ტოლია საერთო ჯამში;
აი, როგორი ყოფილა მისი გემო,
აი, რა მივიღეთ...
ამად, სნეული ღმერთი უნდა განიკურნოს დიდი მსხვერპლის ფასად...
...ღირდა მცდარი ნაბიჯის გადადგმა?!-
ჯერ კიდევ ბევრი არ ვიცით...

მირკანის 28, 2002 წელი
რონდინე, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

იდუმალი ხელოვნება

აჰა, ჭეშმარიტება:
ადამიანის ცხოვრების გზა სურათია
და ამ სურათებისგან იქმნება უფრო დიდი სამყარო, ვიდრე ესაა.
ღმერთი ხატავს და ზრუნავს თავის ქმნილებაზე,
ადამის ძე ფერებს აწვდის პირველშემოქმედს-
შერჩევა ჩვენზეა დამოკიდებული.
ირგვლივ და შიგნით იდუმალი ხელოვნება რიალებს.
ყოველივე ქმნაშია და ქმნაა ყოველივეში...

მირკანის 3, 2002 წელი
არეცო, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

გრიგალისებური წარმოდგენა

აჰა, ჭეშმარიტება:
უკვე მწუხრია...
დიდი მანძილი გავლიეთ,
ადამიანებმა დაკარგეს თავიანთი სახე,
ამად, ნიღაბარეფულნი დაძრწიან,
რათა არ გაცხადდეს წარწყმედა,
რომელიც ისედაც ცხადია,
გარნა, ბრმებისათვის დაფარული.
და არაა მოსვენება,
რადგანაც წარსულში დარჩა იგი.
ყველა მსახიობს ემსგავსა,
უფრო დაოსტატდნენ ამაში-
გაქრა სისადავე, ბუნებრიობა..
ცხოვ
ება დიდი წარმოდგენა გახდა,
გრიგალისებური წარმოდგენა,
სადაც არც კი უწყიან, თუ რასა იქმან.
წარმავალს აქვს დასასრული.

მირკანის 6, 2002 წელი
არეცო, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

გააღეთ სარკმელი

აჰა, ჭეშმარიტება:
ღამეში ნაშობი მზის მწამს,
გააღეთ სარკმელი,
წყვდიადმა მოიცვა ჩვენი სულები,
გააღეთ სარკმელი.
უკვე ჟამია აისის დადგომის,
გააღეთ სარკმელი,
თაური მნათობი მოგველის შვილებს,
გააღეთ სარკმელი.
რად გვიპყრობს სიბრმავე?
დავკარგეთ-ვიპოვოთ სიცოცხლის მომცემი,
გააღეთ სარკმელი,
ციური ჰანგები შორს დარჩნენ წარსულში,
გააღეთ სარკმელი.
მომშივდა სინათლის, ვეძებ გასასვლელს,
გააღეთ სარკმელი.

სიტყვები, მუსიკა, ფერები, ფორმები...
გააღეთ სარკმელი,
დრო დღესასწაულის მალე დადგება,
გააღეთ სარკმელი,
თენდება, თენდება!
გააღეთ სარკმელი!

ახალწლის 28, 2002 წელი
არეცო, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

დიდი კათარზისი

აჰა, ჭეშმარიტება:
ჟამმა მოაწია, ალიონიც ჩანს,
მაგრამ ჯერ კიდევ სავალია იქამდე.
წარსულის უსიერ ტყეში ბევრი რამ დანისლულია,
მხოლოდ მწვერვალებიღა მოსჩანან,
ზოგი თოვლითაა დაფარული,
ზოგიც-მწვანითმოსილი.
დიდი ხმაურია ამ ბურუსში;
საზარელი სურათია-
გაურკვევლობა და დაბნეულობა ბატონობს იქ,
და ეს დაშვებულია.

ჭექა-ქუხილი ახლოვდება
და რისთვის?
წვიმისთვის,
საოცარი წვიმისთვის, რათა დაიწმინდოს მღვრიე დინება-
მწიკვლევანება უნდა გაქრეს..
საოცრებას საოცრება მოსდევს:
ცეცხლია წვიმის შემდეგ,
ცეცხლი განმწმენდელი-
და ყოველივე ეს დიდი კათარზისია.
ამად, შენი საყვირი დააქუხე, უფალო ჩემო,
მომეცი ყურნი, რომ ვისმინო ხმა ამ ჰანგების,
რომელნიც განგვასპეტაკებენ;
ჰანგების, რომელნიც გზას გვიკაფავენ შენსკენ,
ჭეშმარიტების თვალისკენ...
გაგვამდიდრე ამ ნიჭით!
გვიხსენ და დაგვიფარე ამ ქარიშხლიან ღამეს...

მირკანის 23, 2002 წელი
არეცო, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

დიდ არს უფალი

აჰა, ჭეშმარიტება:
დიდ არს უფალი!-
უზომოა ყოვლადწმინდის მოთმინება,
უძიროა ყოვლადძლიერის წიაღი,
რადგან ვცოდავ-
ღმერთი კი მელის!
ბოლოჟამამდე მელის და არც მტოვებს,
ტაატით მატარებს ცოდვილ შვილს:
უსაზღვროა ყოვლადწმინდის მოთმინება,
უძიროა ყოვლადძლიერის მოწყალების წიაღი.
მაგრამ ვინც ბოლომდე წარიწყმიდავს თავს
და ძილს ამჯობინებს ჭეშმარიტებას,
მისთვის მზადაა სასჯელი, ამხელა სულგრძელების შემდეგ,
რადგან ყოველი მოწყალება, ზეციური, ისევ ადამის ძისთვისაა ქმნადი.
მაშ, ვერიდოთ ბოლოჟამის რისხვას,
მაშ, ვერიდოთ ზღვის ზვირთებას.
ვისწავლოთ ცურვა, რომ მეორე ნაპირს გავაღწიოთ დაცემულებმა:
ჩვენ მარტონი არ ვართ,-
ამადაა ჩასაკლავი შიში წუთისოფლის წინაშე!
ვაჟკაცობა სჭირდება ჭეშმარიტებას,
ქრისტესმიერი სიყვარული-ნამდვილ ცხოვრებას.
მაშ, ნუ გეშინია, ადამიანო,
რამეთუ ცაც იგივეს გვმოძღვრავს.

სახელითა მამისათა და ძისათა და წმინდისა სულისათა
შემეწიე, დედაო მარიამ.

ტირისკონის 31, 2003 წელი
რონდინე, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

ახალი ყვავილი

აჰა, ჭეშმარიტება:
მოვევლინე ქვეყნიერებას ახალი ყვავილი
და შევიქმენი უჯრედთაგანი სამყაროს ქსოვილში,
შევუერთდი ამაოების დინებას,
რომელიც ფუჭია.
გარნა, ამის შეცნობას მივყავართ ჭეშმარიტებამდე.
ირგვლივ ეკალია,
წუთისოფელი ბნელი ჯურღმულია, დილეგი, სულის საპყრობილე,
სადაც ჟამიერი ქაოსური წესრიგია მხოლოდ;
და ამ ორომტრიალში საუკეთესო გვერდზე დგომაა,
რათა დაინახო საზარელი მორევი,
რომლის ფსკერზეც ჩანს ჯოჯოხეთი.
ეკალი მრავლდება,
მე კი მზის ტრფიალი მათბობს-
ოქროსფერ ლაჟვარდშია სიცოცხლის აზრი...
ყოველი ახალშობილი იაა,
რომელმაც უნდა განვლოს გზა ვარდობამდე.
აქ მთავრდება ადამიანი.
ირგვლივ ეკალია; სამკალი ბევრია.
... და მაინც, ყველაზე სანუკვარი ეკლის ვარდად ქცევაა...
-სასწაულია საჭირო!

მკათათვის 4, 2001 წელი
თბილისი, გეორგია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

არსებობა

აჰა, ჭეშმარიტება:
გონებამიუწვდომელმა შექმნა სამეფო-არსებობა.
ყოვლისმპყრობელია, ზეაღმატებული.
დასაბამიდანვე იყო მარადისობა,
მაგრამ პირველშობილი ცდუნდა და მოკვდინდა-
გაჩნდა ჟამიერება...
სწორედ, იმ მარადისობაში ჟამი და უჟამობა ერთი იყო;
მაშინ იყო ნეტარება.
ადამიანს ჯერ კიდევ ძალუძს დაუბრუნდეს თაურ წიაღს,
თუკი გაიწვრთნება, დაბრძენდება...
ამაშია მისი მოწოდება!

მკათათვის 22, 2001 წელი
თბილისი, გეორგია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა

martedì 27 novembre 2007

არაფერია დავიწყებული

აჰა, ჭეშმარიტება:
ძრწოდე, ბაბილონო,
არაფერია დავიწყებული...
შენმა ჟამმაც მოაწია,
აქამდე ჩადენილი ცოდვები დაგახრჩობს, ბაბილონო,
მაგრამ ამას არ გაკმარებენ-
ყოვლადძლიერის რისხვაა შენს თავს.
იცოდე, ამპარტავანო, მეტი არა მოგიხვეჭავს!
ცისიერი დაამხობს შენს შავბნელ წიაღს,
მაშინ იტირებ და მოსთქვამ,
გარნა, ცრემლის გარეშე,
რამეთუ დიდი ხანი უარი თქვი მასზე-
სწორედ, იქ მოკვდი შენ
და სიკვდილთან შეუღლებულმა სხვისი დაღუპვაც იწყე:
შენმა უცრემლობამ ბევრს ცრემლი ადინა,
ბევრსაც დაუშრო...
ამ მდინარეში დასახრჩობადა ხარ განწირული,
რაც გეენად შეგეცვლება.
მბორგავი ზღვა ხარ,
მაგრამ ცეცხლი დაგაშრობს!
შხამიანი ჰაერი ხარ,
მაგრამ ქარიშხალი გაგაქრობს!
მიწა ცოდვით დაფარე,
მაგრამ წარღვნა წაგლეკავს!
საზარელ არიან შენი საქმენი,
საშინელ არიან შენი საქმენი,
წარმწყმედელ არიან შენი საქმენი,
მაგრამ არაფერია დავიწყებული!
ამად, ძრწოდე, ბაბილონო!..

აპნისის 23, 2002 წელი
რონდინე, აიაია
კონსტანტინე (კოკა) ვეკუა
web tracker
counter