martedì 22 settembre 2009

დანაშაული და სასჯელი

დოსტოევსკის

აჰა ჭეშმარიტება:
მარადუზენაესის სასჯელი მტანჯველია,
ვერავინ დააღწიოს მას თავი, თუ ღმერთმა არ ინება,
აუტანელი წკვარამია ამგვარი ყოფა;
მაშინ დაიფერფლოს სული უჟამო სიკვდილის ცეცხლში.
ღვთის წყევლა უზომოა.
იგი ისევე უძიროა, როგორც მისი მოწყალება
და ვაი მას, ვინც დაიმსახურა ჯოჯოხეთი.
ამბოხებულნი ყოვლადბრძენის წინააღმდეგ დაემხნენ
და კვლავაც დაემხობიან,
თუკი არ განსწმენდთ მონანიების სისპეტაკე.
დროის გაჩენიდან მარადიულია არიმანის ამპარტავნება,
ამიტომაც დაუდგრომელია დაცემულ არსთა მხედრობა.
დაე, გაკვეთილი იყოს ეს შენთვის, ადამიანო,
რათა შეიცნო, რომ სიყვარული იხსნის კაცობრიობას.
ნუ გეშინია, წინ მედგრად იარე-
შენშია ღმერთი...

იგრიკას 11. 2001
ქ. თბილისი. გეორგია
კონსტანტინე ვეკუა

არიმანის მონანიება

აჰა, ჭეშმარიტება:
ბოროტებას ამპარტავნება ახრჩობს,
ამიტომაც არ იცის მან ცრემლი.
ერთჯერ მაინც რომ მოხდეს მოქცევა,
გაქრებოდა დასაბამიერი ტვირთი-სასჯელი...
არიმანიც, იმ ავაზაკთან ერთად
უძღებ შვილად გადიქცევა
და დიდი იქნება სიხარული ცათა შინა,
აქამდე არნახული...
გარნა, ეს არ მოხდება,
რადგან უკვდავია კაცობრიობა


თიბათვის 4. 2001 წელი.
ქ. თბილისი. გეორგია
კ. ვეკუა

თიატრო

"თიატრო-(თიატრო, თიატრონი) სახედველი. ესე არს
ზღუდემოვლებული შუა ადგილი, სამღერელ-
საროკავნი და გარემოს მჭვრეტელთ საგომი,
სადა სტანჯვიდიან მოწამეთა".

სულხან-საბა ორბელიანი



აჰა, ჭეშმარიტება:
გაგიჟდა ადამის მოდგმა,
სიშმაგის მორევმა შთანთქა ძე კაცისა
და ამ სრბოლაში მან დაკარგა სათავე,
რომელიც სიცოცხლით გვკვებავდა.
ირგვლივ სიკვდილი ითესება,
მრავლდებიან სისხლსმოწყურებულნი,
უზნეობის ქარიშხალი სპობს სისპეტაკეს მანამ,
სანამ არ გადაივლის.
ადამიანები?...
უგონოთ შესაქცევად გაიხადეს იდუმალი სიწმინდე,
ვერ კი ამჩნევენ-დამღუპველ ცეცლხს ეთამაშებიან,
დიახაც, ეთამაშებიან!...
ხორხოცია, ხითხითებენ,
უფრო მეტ წარმოდგენას ითხოვენ,
უფრო მეტ გართობას.
სანახაობად აქციეს ჭეშმარიტება,
მაგრამ ამაზე არ შეჩერებულან-
უკვე ვერც შეჩერდებიან:
სისასტიკე შიათ, რაც ავადმყოფობად ექმნათ...
წყაროსთვალდაკარგულნი უდაბნოს ხორშაკით სუნთქავენ
და ამიტომაც, დაუნდობლად კლავენ სულს.
მკველელები! მკვლელები! მკვლელები!!!.
ჯოჯოხეთური მხიარულების თანხლებით სჩადიან ამ
საზარელ საქმეს.
ღრეობა, ორგია რიალებს ყველგან.
გვახსოვს ის წარსული? -
ის თხემის ადგილი იყო უდიდესი თიატრო...
იქაც ხორხოცობდნენ, ხითხითებდნენ...
წარმოდგენა მაინც თუ გვაქვს, რა ჩავიდინეთ?!..
ახლაც იგივეს ჩავდივართ,
თანაც-ყოველდღე...

უფალო, დაგვიცავ ამ ნიაღვარში,
განგვამტკიცე, ყოვლადძლიერო,
აღგვჭურვე სიბრძნით!


6 მირკანი. 2002 წ.
ქ. არეცო. აიაია
კონსტანტინე ვეკუა

რექვიემი

შენ მომაგონდი, ჩემო თავო, შენ მომაგონდი,
სხვა იყავ უწინ, ვერცმნობელი ვარდთა ამბორის,
ვით უსინათლო იკაფავდი გზას ეკალ-ბარდში.
ებრალებოდი მამას, ტიროდა,
მისმა ცრემლებმა გიხსნა სწორედ, უკუნეთისგან
უძღები შვილი.
მორჩა, გათავდა!
მკვდრების საუფლოს გააღწიე, ელი აღდგომას,
ხელახლა შობას, რომ იხილო მზე.
მაშ, დავიტიროთ ის გარდაცვლილი,
ხვალ სხვა იქნები.
მანამ კი დაგსდევს უჩინარი ღრიალი მხეცის.
იქნებ...
იყავი ფრთხილად და გადარჩები-
გასცდები საზღვარს.

მარიამობის 18. 2001 წელი
ქ. თბილისი. გეორგია.
კ. ვეკუა

მამაცების გზა

აჰა, ჭეშმარიტება:
ყოველი დღე შენი ნაწილი გახდეს,
არ დაკარგო იგი და დაფიქრდი,
რადგან თუ დაივიწყებ, შენც დაიკარგები.
რატომ?
რამეთუ ვერ იგემე დღის გემო.
დაე, ყოველწამ აჭაშნიკებდე შენს ცხოვრებას,
გაიგე შენი გზის ფასი, რომ მიხვდე სინამდვილეს!
რად დარბიხარ, ადამიანო??
შეჩერდი!
შეანელე სვლა, რომ მეტი იხილო,
რომ მეტი დაგამახსოვრდეს,-
განა ღვინის გამალებით მსმელი გაუგებს ღვინოს თაურ სიბრძნეს?!
თუ ჩქარობ-“იჩქარე ნელა”;
სხვა სიჩქარე დამღუპველია და ხელცარიელს გტოვებს.
იყავი ბრძენი და იბრძოლე იქამდე მისასვლელად,
ეს მამაცების გზაა...
არ იჩქარო-ყველაფერს ეწევი ღვთით!

ტირისკონის 1. 2002 წელი
რონდინე. გეორგია (იტალია)
კონსტანტინე ვეკუა

ციური ბაგეები

აჰა, ჭეშმარიტება:
ალბათ, შენით თვით ღმერთი მაფრთხილებს.
ღმერთი, რომელსაც ვეცემი, თუ ვმუხლგამრობ,
მუდამ ვგრძნობ გვერდში
(მხოლოდ გოლგოთაზე იმუხლებენ
და მხოლოდ გოლგოთაზე იმარჯვებენ).
მეუბნებოდი: იფხიზლე!
რადგან მის ადგილზე სხვა ყველაფერი კერპია-
ჩვენში, თუ ჩვენს გარეთ: სიკვდილია, არარაობა!
შენით მაშინ მოსიყვარულე ღმერთი მესაუბრებოდა,
ვით სიოს რხევა.
დიახ, ცათა ბაგეებო-სულის მეგობრებო:
გულის მალამო და ღამეში მზეო.
ჩემო ციურო წიგნო, ძვირფასო სულო.

შენ ღრმა ხარ, მთვარის,
ძალგიძს შეგრძნება პირველსაწყისის.
უხილავი მარადისობის სარტყელი გაკრავს გარს,
მით დალახტავ დემონებს,
მით დააზარებ ზეციურ ხმებს.
მაგრამ განა სრულად იცი?
არა, არ იცი, ჯერ არ იცი-
"ჯერ" კანონზომიერია.
თუმც, შეგიძლია-სწვდები,
რადგან შენც ამისთვის დაიბადე,
რადგან შენც წამებში იზრდები და არა წლებით.
შენც პოეზია ხარ-ამად, თვალის ჩინო.
არც შენი ცხოვრებაა ამაოებით მძიმე,
რადგან ალივით ზევით მიილტვი.

ღვთით ჩვენს სამშობლოში დანთებულო ლაჟვარდო ცეცხლო,
დედაო-დაო-პატარა ანა.


ვარდობისთვის 18, 2007 წელი
რონდინე, აიაია
კოკა

giovedì 30 luglio 2009

ურითმო პოეზიის იმპრესიონიზმი

აჰა, ჭეშმარიტება:
უდროობის ბნელი ტეხილები.
მარადისობის მაცოცხლებელი ტალღები.
სულში უხმო მუსიკის დენა.
გულისყურით სიცოცხლის მოსმენა-
პოეტური მელოდია.
უხილავი თავისუფლება.
სულის მეტყველი ტანგო.
დაუნდობელი ფარიკაობა ურჩხულთან.
ცოდვათა მონობის ბორკილთა მსხვრევა.
სიყვარულით ფეთქვა და გამარჯვება.
დაუკარით სიცოცხლე!
დაუკარით სიხარული!
დაუკარით სიყვარული!
და რაც შეიძლება ხმამაღლა!
დე, გიზგიზებდეს სიბნელის მლახვრავი ცეცხლი.!
მზეჭაბუკობა და მზეგრძელობა...
სიმართლის მზეობა სამყაროს!
უფალი, გვიწინამძღვრე.

ვარდობისთვის 5, 2005 წელი
რონდინე, იტალია
web tracker
counter